საგარეო ვალი

პირველ კვარტალში სახელმწიფოს საგარეო ვალი 20 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

Reuters

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფოს საგარეო ვალი 7.4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 20 მილიარდი ლარის ტოლია. მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) შეფარდებით, სახელმწიფო საგარეო ვალი 45.9%-ია.

აქედან, 5.4 მილიარდი აშშ დოლარი მთავრობის ვალია, რაც მშპ-ს 33.1%-ია. ეროვნული ბანკის ვალდებულებები 376.4 მილიონი აშშ დოლარის ტოლია, რაც 8 მილიონითაა გაზრდილი. სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები კი 810.3 და 886.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 31 მარტის მდგომარეობით 17.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წლის პირველ კვარტალში, მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. ქვეყნის წმინდა საგარეო ვალი 10.4 მილიარდი აშშ დოლარის ტოლია.

სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით:

2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%

2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%

2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 41.4%

2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.4%

2017 - 16.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%

2018 - 18.5 მილიარდი ლარი, მშპ-ს 44.5%

2019 (პირველი კვარტალი) - 20 მილიარდი ლარი, მშპ-ს 45.9%

საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-სთან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობას მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად შეუძლია დამატებითი ვალების აღება.

კომენტარები