20 ივნისის აქცია

ბახტაძე: ის რაც მოხდა, არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი

მამუკა ბახტაძე
ტაბულა

ის რაც მოხდა არ იყო შს სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი- ამის შესახებ პრემიერმინისტმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე თქვა. მან 20 ივნისის ღამეს, სამართალდამცველების მიერ აქციის დარბევა შეაფასა. 

მისი თქმით, საპოლიციო სტრუქტურის ვალდებულებაა დაიცვას მშვიდობა და დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია.

"რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ფიზიკური თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენი პოლიციელების და დადგა ის კრიტიკული მომენტი, როდესაც პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას და შესაბამისად პოლიციას დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური გზა, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ის რაც მოხდა არ იყო შს სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია. დაიცვან წესრიგი ქვეყანაში. დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები,"- ამბობს პრემიერი. 

მისივე თქმით, რაც მოხდა მძიმე სანახავი იყო და "ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მაღლა არაფერი არ დგას." 

"ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ და ეს იყო უმძიმესი წუთები თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა. დაზარადლნენ ჩვენი პოლიციელები",- ამბობს ბახტაძე. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები