რუსული პროპაგანდა

კარპენტერი ლავროვს: ნამდვილად მეგობრობაა, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებული გაქვს?

მაიკლ კარპენტერი
ამერიკის ხმა

ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო საკითხებში მაიკლ კარპენტერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოში კარპენტერის ვიზიტი პარლამენტის წინ მიმდინარე ანტირუსულ აქციებს დაუკავშირა. 

კარპენტერმა მას Twitter-ის საშუალებით უპასუხა:

"ძვირფასო საგარეო საქმეთა მინისტრო ლავროვო, მადლობა, რომ შეამჩნიეთ საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტი. მე არ ვეწინააღმდეგები მეზობალ ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს, მაგრამ როდესაც შენს ქვეყანას საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ნამდვილად მეგობრობაა ეს?"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოცემა TASS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ვაშინგტონი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელის შეშლას ცდილობს. 

"ჩვენ ვშიშობთ, რომ ამერიკელი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ დაუშვან და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობების ნორმალიზება აშკარა იყო,"- ამბობს სერგეი ლავროვი. 

ამის დასტურად ლავროვმა ის ფაქტი მოიყვანა, რომ მაიკლ კარპენტერი 17 ივნისს "საქართველოს უნივერსიტეტის" მიერ მოწყობილი კონფერენციის "რუსული გავლენების კვალდაკვალ" ფარგლებში საქართველოს ეწვია.

"ზოგიერთი ანალიტიკოსის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე დღით ადრე, სანამ საქართველოს პარლამენტში პროვოკაცია მოეწყებოდა, ბაიდენის ფონდის ხელმძღვანელი თბილისში იმყოფებოდა და არა მხოლოდ კულისებში მუშაობდა აქტიურად, არამედ საჯაროდაც ილაპარაკა იმაზე, რომ საქართველომ რუსეთთან კავშირები არ უნდა გააბას. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ამ ასპექტის უგულებელყოფა,"- ამბობს ლავროვი, რომელიც პროვოკაციას რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებას უწოდებს მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. 

თბილისში ვიზიტისას კარპენტერს ტაბულამ ჰკითხა, რას ფიქრობდა ძალადობრივ ჯგუფებზე, რომლებიც ლგბტ+ თემის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაგეგმილ პრაიდის კვირეულს ჩაატარებდნენ. 

"რეალობა ისაა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას რუსეთთან ინტეგრაცია არ უნდა. რასაც რუსეთი აკეთებს, ამის შედეგია. ისინი ცდილობენ ისეთი საკითხების მოძებნას, რაც პოლიტიკური დებატების საწყისია და მერე ამ საკითხებს ქართული საზოგადოების გასაყოფად იყენებენ. ლგბტ უფლებები ერთერთი ასეთი საკითხია, სადაც რუსებს უყვართ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის შუღლის ჩამოგდება. ვფიქრობ, ხელისუფლება სწორად იქცევა, მაგრამ ეს თემა თავიდან ბოლომდე იმიტომ შეიქმნა, რომ სხვა საკითხებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს,"- გვიპასუხა კარპენტერმა. 

კომენტარები