"ყველა დაკავებული თავისუფალია" - პარლამენტთან აქციაზე ეს მოთხოვნაც შესრულებულად მონიშნეს

იმის ნიშნად, რომ 20-21 ივნისის აქციის ღამეს დაკავებულები გაათავისუფლეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ეს მოთხოვნაც შესრულებულად მონიშნეს. დემონსტრანტებს ერთი მოთხოვნა დარჩათ - აქციის ძალადობრივი დაშლისთვის აიღოს პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და თანამდებობა დატოვოს.


ფოტო: ტაბულა

მეშვიდე დღეა, რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება. ჯერ კიდევ სამი დღის წინ, დემონსტრანტებს ოთხი მოთხოვნა ჰქონდათ - მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გათავისუფლდეს აქციაზე ყველა დაკავებული, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადაამეტეს.

24 ივნისს ქართულმა ოცნებამ შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. ასევე, ბოლო დღეების მანძილზე, სააპელაციო სასამართლო ყოველდღიურად ათავისუფლებდა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს.

კომენტარები