ევროსაბჭო

ბაქრაძე ევროსაბჭოს: რუსეთის ამ ორგანიზაციაში დაბრუნებით ვამბობთ, რომ მისი ქცევა ნორმალურია

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ევროსაბჭოში რუსეთისათვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდა:

"დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელიც ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს ამ ორგანიზაციის მომავალზე. ეს არ არის პროცედურული გადაწყვეტილება. ჩვენ ვმსჯელობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით,
ყირიმის ანექსიით, დონბასში ომით. ჩვენ მსჯელობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც ყოველდღიურად იტაცებს და აწამებს ადამიანებს ჩემს ქვეყანაში, საქართველოში. ვსაუბრობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აჩვენა სრული უპატივცემულობა ამ ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ჩვენ მივიღეთ ათობით რეზოლუცია საქართველოზე და უკრაინაზე. მომიყვანეთ ერთი მაგალითი, როდესაც რუსეთმა რომელიმე შეასრულა. არც ერთი. ამ ორგანიზაციის სრული უპატივცემულობა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც აგრძელებს მეზობლებზე ზეწოლას, ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტმა, პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის შესახებ. ჩემი რამდენიმე კოლეგისგან მოვისმინე, შეცვლის თუ არა რამეს სანქციები. სულ ცოტა, სანქციები არის გზავნილი, რომ ეს არ არის მისაღები და ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. რუსეთის ამ ორგანიზაციაში დაბრუნებით, ჩვენ ვამბობთ, რომ მისი ქცევა ნორმალურია. ახდენ მეზობლების ოკუპაციას, არაუშავს, შენ შეგიძლია უკან დაბრუნება. აწამებ მშვიდობიან მოქალაქეებს, არაუშავს, შეგიძლია, უკან დაბრუნდე. ამ ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი ჩადის. ძვირფასო კოლეგებო, არ მინდა, ვიყო ყველა იმ დანაშაულის მხარდამჭერი, რომელსაც რუსეთი ჩადის და იმედი მაქვს, რომ ეს არც თქვენ გსურთ." თქვა მან სტრასბურგში გამართულ დებატებზე.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. თავი შეიკავა ათმა დელეგატმა.

გადაწყვეტილება გააპროტესტა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით ეს ცუდი სიგნალია მოსკოვისა და სხვებისთვის:

"გააკეთე რაც გინდა, სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია მოახდინე, დახოცე იქ ხალხი და ყველაფერი შეგრჩება." თქვა მან.

მიმდინარე წლის მაისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ჯგუფის წევრი 47 ქვეყნის მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ჯგუფის წევრობას და ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს. შედეგად, რუსეთი შეძლებს ივნისში მონაწილეობა მიიღოს ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

ხმის მიცემის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. მას შემდეგ რუსეთმა საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გადახდას განაახლებენ.

გადაწყვეტილების ინიციატორი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი საბჭოს დატოვებს, უფრო რთული იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლომ მას დარღვევებზე მიუთითოს.

გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.

 

კომენტარები