ანტისაოკუპაციო აქცია

მერია: გეგმიურად დასუფთავდა პარლამენტის ტერიტორია, კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა

ტბელ აბუსერიძე

თბილისის მერიამ, პარლამენტის წინ არსებული ტექნიკისა და სცენის წაღების შესახებ "თბილსერვის ჯგუფის" განცხადება გაავრცელა.

მათი თქმით, ტერიტორიის დასუფთავებისას კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს.

"ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას, აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ. "თბილსერვის ჯგუფმა" დღეს გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, "თბილსერვის ჯგუფს" ის არ დახვედრია ადგილზე. 

გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ "თბილსერვის ჯგუფის" მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება. რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე", - წერია განცხადებაში.

დაახლოებით, ერთი საათის წინ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თბილისის მერიამ ღამე ტექნიკა და სცენა მოიპარა

20 ივნისს, რუსი დეპუტატების სტუმრობის გამო, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გამიართა, რომელიც რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, 21 და 22 ივნისს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნებით.

კომენტარები