გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი: ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით პერმანენტული კრიზისების ეპოქაში შეიყვანა ქვეყანა

გია ხუხაშვილი
ტაბულა

"ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით პერმანენტული კრიზისების ეპოქაში შეიყვანა ქვეყანა," - პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ხუხაშვილი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ რაც უფრო დიდხანს არ შეასრულებს ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს, მით უფრო გაიზრდება ის ფასი, რისი გადახდაც ოცნებას კრიზისიდან გამოსასვლელად მოუწევს. 

"მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს ადეკვატური ფასი, რისი გადახდაც ისედაც მოუწევს. დაგვიანებით იღებს გადაწყვეტილებებს. ამასობაში ფასი იზრდება და ვერ ეწევა პოლიტიკურ პროცესებს. ეს დამახასიათებელია ისეთი ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ალღო. თუ პირველ დღეს საკმარისი იყო კობახიძის პოლიტიკური პასუხიმგებლობა და ხელისუფლება არ იყო ადეკვატური, მეორე დღეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, მაინც მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. აქ უკვე პაკეტური შეთავაზება უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით პერმანენტული კრიზისების ეპოქაში შეიყვანა ქვეყანა. რაც უფრო დააგვიანებენ, კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა მოუწევთ," - ამბობს ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია პოლიტიკურ მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხების გაცემა, ხელისუფლების მხრიდან და ასევე აღნიშნავს, რომ სწორი ქმედებების შემთხვევაში შს მინისტრს გიორგი გახარიას, შეუძლია თავი გადაირჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნებს შორის მისი გადადგომაა. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევენებს აზრი არ აქვს, თუ კვლავ მაჟორიტული სისტემით ჩატარდება, პროპორციულზე გადასვლა კი რიგგარეშესთვის ვერ მოესწრება. 

"საკითხი ეხება პროპორციულ არჩევნებს, რიგგარეშეს აზრი არ აქვს ბუნებრივია, იმიტომ რომ რიგგარეშე და პროპორციული შეუთავსებელია. რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში კონსტიტუციური პროცედურით, ფიზიკურად ვერ ესწრება პროპორციულზე გადასვლა იმიტომ, რომ კონსტიტუციური ცვლილებებს საკმაოდ გაწელილი პროცედურა აქვს. შეუძლიათ პროპორციულზე გადასვა და თარიღის დატოვება. მეორე, ეს არის ლოიალური მიდგომა დაკავებულებისადმი. იმ 300-ზე მეტი ადამიანის მიმართ ვინც დაკავებულია, მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არავინ უნდა დაისაჯოს, მაგრამ მაქსიმალურად ლოიალურად უნდა შეხედონ და რაც მთავარია, აუცილებელია ძალის გადამეტების ფაქტების გამოვლინება და მათი დასჯა. თუ მოხდა სისტემაში ძალის გადამეტების ადეკვატური დასჯა, გახარიას თეორიული შანსი რჩება, რომ გადარჩეს. თუ გახარია აჩვენებს პოლიტიკურ ნებას და დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ეს ძალის გადამეტება არ იყო მის მიერ სანქცირებული, არა იმ რიტორიკით, რომლითაც ლაპარაკობს, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ამის უამრავი ვიდეო ფაქტი არსებობს, ამ შემთხვევაში მას გადარჩენის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს," - ამბობს ხუხაშვილი. 

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამ მოთხოვნების პაკეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და მთლიანას ხელისუფლების პასუხიმგებლობის საკითხზე დაიწყება საუბარი. მისი თქმით, ხელისუფლება ისედაც მყიფეა და ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. რაც შეეხება რუსული რბილი ძალის გააქტიურებას, ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსეთს საქართველოს მის ორბიტაზე დაბრუნების ილუზია სხვა ფაქტებთან ერთად, იმანაც შეუქმნა, რომ ხელისუფლებამ ყველა ბოლო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტნიორად ის ძალა აირჩია, რომელიც მუდმივად სამხედრო ნეიტრალიტეტზე და მიუმხრობლობაზე საუბრობს. 

"ეს არ არის ხელისუფლების ერთადერთი პრობლემა, არც გავრილოვშია პრობლემა, გავრილოვი მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. რეალურად, ეს ყველაფერი მზადდებოდა. მზადდებოდა იმ ნარატივით, რასაც ვუყურებდით გარეჯის პრობლემისთვის რელიგიური, ერთმორწმუნეობის და მსოფლმხედველობრივი განზომილების მიცემით. შემდგომში ეს კომბლების თლა და სხვენში შეწყობები, 100 ათასიანი ლაშქარი 50 ადამიანის გასაკოჭად, ეს ყველაფერი გროვდებოდა. ამის ფუნდამენტი იყო ერთმორწმუნეობა და ირიბად, დასავლეთის დემონიზაცია. რუსეთს როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში გაუჩნდა ილუზია, რომ საქართველო საკმაოდ მწიფე იყო იმისათვის, რომ დაბრუნებულიყო მის ორბიტაზე. მე ვფიქრობ, რომ თვალის ჩაპაჭუნებებმა თბილისიდან, რუსეთს გაუჩნა განცდა, რომ მას უკვე შეუძლია რბილი ძალის გამოყენება გააქტიუროს და მისი გამოყენების ინტენსივობა გაზარდოს და ამის ილუზია შეუქმნა არამხოლოდ იმ ფაქტებმა რაც მე ვთქვი, არამედ იმანაც, რომ ხელისუფლებამ თავის პოლიტიკურ პარტნიორებად საპრეზიდენტო, თუ შუალედურ არჩევნებში, აქცია ულტრაკონსერვატული ძალები. ძალები, რომლებიც მუდმივად ლაპარაკობენ მიუმხრობლობის პოლიტიკაზე, ნეიტრალიტეტზე და ასე შემდეგ. როცა რუსეთი ამას უყურებდა, მას გაუჩნდა განცდა, რომ ხელისუფლების და საზოგადოების დაბრუნება მის ორბიტაზე მიღწევადი ამოცანა იყო და დაიწყო რბილი ძალის შტურმი სხვადასხვა მიმართულებით. გარეჯიც ამის ნაწილი იყო, რუსეთის ინტერესია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში გაუგებრობის შეტანა და რაც მთავარია ამისთვის რელიგიური, მსოფლმხედველობრივი განზომილების მიცემა და აგენტურა ამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობდა. ეს იყო მოცემულობა, გავრილოვი უბრალოდ გახდა კატალიზატორი ამ ყველაფრის, პრობლემა ხო მართლა იმაში არ არის, რომ გავრილოვი სადღაც ვიღაცის სავარძელში ჩასკუპდა, უბრალოდ ამან გადაავსო ფიალა და შესაბამისად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალმა თაობამ მისცა ამაზე მწვავე რეაქცია," - ამბობს ხუხაშვილი. 

ხუხაშვილის თქმითვე, 21 ივნისის აქციის შემდეგ ხელისუფლებას მორალური უფლება აღარ აქვს, რომ ახალგაზრდების პროტესტში ოპოზიციის პოლიტიკურ როლზე და ჩარევებზე ისაუბროს. მისი თქმით, ახალგაზრდა თაობამ გარკვევით უთხრა ხელისუფლებას, რუსეთსა და მთელ სამყაროს, რომ უკუსვლა არ იქნება. 

"არა იმდენად პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს ეს პრობლემა, თავის სასარგებლოდ, რასაც ხელისუფლება ცდილობს, რომ გვითხრას, არამედ ახალმა თაობამ, ვინც უნდა გადაიბაროს ეს ქვეყანა. მათ თქვეს ამ ყველაფერზე უარი და რომ უკუსვლა აქ არ იქნება და გუშინ ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. თუ 20 ივნისის აქციაზე ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული მორალური უფლება, რომ ესაუბრა რაღაც პოლიტიკურ ჩარევებზე, გუშინ ეს უბრალოდ აბსურდამდე დავიდა. ახალმა თაობამ თავისი არჩევანი გააკეთა და ძალიან მკაფიოდ უთხრა ხელისუფლებას, რუსეთს და მთელ სამყაროს, რომ უკუსვლა არ იქნება. შეიძლება ზოგჯერ მათი გამოხატვის ფორმები არ მოგვეწონოს, შენიშვნა მივცეთ, მაგრამ ჩვენ მათ ცხოვრებას ვერ ვასწავლით, იმიტომ რომ ეს მათი არჩევანია, შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ ტაქტიკურ მონახაზში, რომ მათი მსოფლმხედველობრივი არჩევანის განხორციელების გზაზე, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დაუშვან. ის, რომ მათ არჩევანი შევაცვლებინოთ, ეს ილუზია შეიძლება კონსერვატორებს აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა," - ამბობს გია ხუხაშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ადამიანები პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლას აპროტესტებდნენ. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, ისროლეს რეზინის ტყვიებიც. დარბევა, დაახლოებით, ღამის 12 საათისკენ დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. 5 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეების დარბევას რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით ცდილობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ.

დაშავებულებს რეზინის ტყვიები მოხვდათ თავში, სახეში, თვალში, ფეხში, ხელში, ზურგში. ზოგ შემთხვევაში ერთ ადამიანს არა ერთი, არამედ ათამდე ტყვიაც კი მოხვდა. 

სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები რეზინის ტყვიებს არა ზემოდან ქვემოთ ისროდნენ, როგორც წესია, არამედ პირდაპირი დამიზნებით. ასევე, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანებს წიხლებს. 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ სულ 305 ადამიანი დაიჭირა. 

კომენტარები