კიკნაველიძე: სპეცრაზმმა გაზი პირველად მათთან გაუშვა, ვინც მშვიდობიანად იდგა ქუჩაში

პარლამენტის წინ არაერთი აქცია, მიტინგი და მანიფესტაცია გამართულა. გვახსოვს სასტიკი დარბევებიც. არცერთი დაპირისპირება არ დაწყებულა პარლამენტის კიბეებზე, მითუმეტეს პარლამენტის მთავარი ჭიშკრის გარშემო. აქ ყოველთვის იდგნენ პოლიციელებიც და სპეცრაზმიც, მაგრამ მოქალაქეებს მათთან შეხება არ ჰქონიათ. მათ შორის ყოველთვის იდგა მაღალი და რთულად გადასალახი ჭიშკარი. გუშინ შსს-მ სპეცრაზმი ამ ჭიშკრის წინ, ანუ უშუალოდ გაბრაზებული მოქალაქეების თვალწინ დააყენა. ანუ თავად შექმნა აქციის მონაწილეებისა და სპეცრაზმელების ფიზიკური შეხების შესაძლებლობა. ამით აქციის მონაწილეების გარდა, მათ დიდი საშიშროების წინაშე დააყენეს თავად პოლიციელებიც.

ამას გარდა სპეცრაზმმა მიტინგის დაშლა დაიწყო მაშინ, როცა იქ 10 000-ამდე ადამიანი იყო შეკრებილი. ამან კი საფრთხე დრამატულად გაზარდა. უშუალოდ გამზირზე მდგომი მოქალაქეებისთვის სრული მოულოდნელობა იყო გაზის გაშვება. ისინი ხომ არავის გაუფრთხილებია. სპეცრაზმმა გაზი პირველად მათთან გაუშვა, ვინც სრულიად მშვიდობიანად იდგა ქუჩაში და ხელჩართულ ჩხუბთან შეხებაც კი არ ჰქონია.

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე აქციის დარბევას ეხმაურება.

კომენტარები