რუსული ოკუპაცია

კარასინი გავრილოვზე: აღშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური ჯგუფების ქმედებებით

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რუსი დეპუტატების თბილისში ჩამოსვლა და პარლამენტში მისვლა გააპროტესტეს.

"ჩვენ აღშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური ჯგუფების ქმედებებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებელ სახელმწიფოებს აერთიანებს, თავიანთი ანტირისული განწყობების გამოსახატად გამოიყენეს.

მათი აგრესიული ქმედებების გამო, 25 სახელმწიფოს დელეგაციის წევრები იძულებულები გახდნენ, დროზე ადრე დაესრულებინათ თავიანთი საქმე" - უთხრა კარასინმა რია ნოვოსტის.

სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა საქართველო უკვე დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ.

19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

20 ივნისს კი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარება პარლამენტში იყო დაგეგმილი. რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, რამაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, გადაწყდა, რომ სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა. 

სხდომა სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. როცა სერგეი გავრილოვმა სასტუმროს შენობა დატოვა. გარეთ შეკრებილმა მოქალაქეებმა მას წყლის ბოთლები დაუშინეს და აგინეს. 

სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს ქართული ოცნების ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმაც - მან მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები