მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

ქუცნაშვილი: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მეტი უნდა მომენდომებინა სამდივნოში მუშაობისას

რუსთავი 2

ქართული ოცნების დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ბოდიშს იხდის. ქუცნაშვილი ამბობს, რომ მას მეტი უნდა მოენდომებინა, რათა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი არ დამჯდარიყო და სხდომა არ წაეყვანა. 

„ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა  პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მე მინდა, ბოდიში მოვიხადო საზოგადოებას იმიტომ, რომ ალბათ მე უფრო მეტი უნდა მომენდომებინა საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, რომ მათ ეს პოზიცია დაეცვათ. იმიტომ, რომ როდესაც 2 სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა ზემოთ და რომელი გახსნიდა, წაიყვანდა, ეს უკვე იყო ტექნიკის საკითხი. მე ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, დიდწილად სამართლიან მღელვარებას რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. მე ვგრძნობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება არის სწორი და ამიტომ მოვიხადე ბოდიში და თუ საჭიროა, პასუხისმგებლობა ვინმემ აიღოს, მე ყოველთვის მზად ვარ ამისთვის", - თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. 20 ივნისს, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა. ასამბლეა მუშაობას სასტუმრო რედისონში აგრძელებს, პარალელურად კი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

კომენტარები