ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: გამოხატვის თავისუფლება შეიძლება უსაფრთხოების ინტერესებიდან შეიზღუდოს

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ამბობს, რომ შეკრებისა და გამოხატვის უფლება აბსოლუტური არ არის და ის მათივე წევრების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება, შეიზღუდოს. 

"შეკრებისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უფლება არ გახლავთ აბსოლუტური და ის შეიძლება, შეიზღუდოს მათივე წევრების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. აუცილებელი არ არის, რომ ეს გახდეს პროვოცირების ან კონფლიქტის ადგილი ან მიზეზი,"- ამბობს ქუცნაშვილი. 

თუმცა, იგივე ზაქარია ქუცნაშვილი ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ ხელისუფლება რუს დეპუტატებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო საქართველოში შემოსვლას ვერ აუკრძალავდა.

საქმე იმას ეხება, რომ 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართება, რომელსაც სხვებთან ერთად, რუსი დეპუტატებიც ესწრებიან. 

ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი 19 ივნისს სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია - იგორ დოლგოვმა პროტესტის ნიშნად ფორუმი დროებით დატოვა და თქვა, რომ არ სურდა რუსეთის ფედერაციის, კერძოდ კი, გავრილოვის მოსმენა. 

რუს დეპუტატებს ავლაბრის სასახლესთან მოქალაქეთა აქციაც დახვდათ. მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" დეპუტატებს სტვენებითა და პუტინ ხუ*ლოს ძახილით შეძახილებით დახვდნენ

კითხვაზე, აქვს თუ არა დისკომფორტი იმ ქვეყანაში ყოფნით, რომლის 20% მისი სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული, გავრილოვი პასუხობს, რომ არანაირი დისკომფორტი არ აქვს და საქართველო მისი სამშობლოა. 

სახელმწიფომ რუს დეპუტატს სპეციალური დაცვაც კი გამოუყო. 

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, რუსი დეპუტატი ასევე სხვა ცხელ წერტილებშიც იმყოფებოდა - დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. ამასთან, გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. 

"უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა," - ამბობს კანდელაკი.

ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. 

კომენტარები