ლგბტ კვირეული

მეუფე იაკობი: რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადეთ კონტრაქციის მონაწილეებს

wikipedia.org

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა და "რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადეთ კონტრაქციის მონაწილეებს". TV პირველის კითხვაზე, წაახალისა თუ არა თავისი ზარით კონტრაქციის მონაწილეები, მთავარეპისკოპოსი პასუხობს - "წახალისება ცოტა ისეთი ნათქვამია". მისი თქმით, "არავითარ აგრესიას" არ გამოხატავენ, მაგრამ თბილისი პრაიდს არ ჩაატარებინებენ.

"თუ არადა, ვნახავთ. კვირას ალბათ ბევრ ქუჩას გადავკეტავთ და ხალხის ძალას ნახავს ყველა. არ შეიძლება, შანტაჟში ჰყავდეთ მთავრობა, ხელისუფლება, სახლში არავინ არ უვარდება მაგათ და როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, მაგრამ რაღაცას არ დავუშვებთ რა. ერთი რამე იცოდეს ყველამ - არავის არ ჩავატარებინებთ მაგას. რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევ რამეს? შეიკრიბონ იმაში რა, ინდოჩინეთში" - თქვა მეუფე იაკობმა TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

კითხვაზე, სმენია თუ არა ლგბტქ ადამიანებზე ძალადობის შესახებ, მეუფე იაკობი პასუხობს - "არ გინდათ მაგ პათეტიკა რა, არ დავუშვებთ იცოდეთ, რაც არ უნდა ილაპარაკონ, არ დავუშვებთ. სამარცხვინოდ მოიქცა სამადაშვილი, ასევე ელენე ხოშტარია ძალიან სამარცხვუნოდ მოიქცა და ასევე თამარ კორძაია, მიხედონ თავიანთ ოჯახებს რა. არავინ მაგათ არ სდევნის, არსად. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, ხოდა არავის არაფერი არ უთქვამს".

კითხვაზე, რა ტიპის აქტივობებს აპირებს თბილისი პრაიდის წინააღმდეგ, პატრიარქის ქორეპისკოპოსი პასუხობს - "ნახავთ რა, რასაც გავაკეთებ ნახავს ერი, მე არა ვარ ხელწამოსაკრავი ადამიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ. მივიღებ გადაწყვეტილებას და გავაკეთებ რაც გასაკეთებელია საქართველოსა და ქართველობისთვის".

კითხვაზე, შეათანხმებს თუ არა თავის გადაწყვეტილებას საპატრიარქოსთან და პატრიარქთან, მეუფე იაკობი პასუხობს - "არავისთან არ შევათანხმებ, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას".

შეგახსენებთ, 14 ივნისს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, 4 მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან. კონტრაქციის კიდევ 5 მონაწილე დააკავეს მოგვიანებით.

პოლიციამ კანცელარიასთან ორი ყვითელი ავტობუსი მიიყვანა. ისინი lgbtq აქტივისტებს ამ ავტობუსებით გაყვანას სთავაზობდნენ, რაზეც თბილისი პრაიდის მონაწილეებმა უარი თქვეს.

lgbtq პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები მოუწოდებენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს და პრემიერმინისტრს მოუწოდებენ, ძალადობის წახალისება დაგმონ, ასევე გააკეთონ განცხადება, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ ლგბტქი ადამიანების მიერ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

კონტრაქციის მონაწილეები თბილისი პრაიდის აქტივისტებს მოუწოდებენ, დატოვონ ტერიტორია. წინაღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებიან, რომ "რუსთაველი განმეორდება". შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. მაშინ ლგბტ აქტივისტები სწორედ ყვითელი ავტობუსით გაიყვანა პოლიციამ.

კომენტარები