ჯულიან ასანჟი

ბრიტანეთის შს მინისტრმა ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის თხოვნას ხელი მოაწერა

ჯულიან ასანჟი
AFP

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა თქვა, რომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის თხოვნას ხელი მოაწერა.

"ის სამართლიანადაა გისოსებს მიღმა. აშშ-საგან მივიღეთ ექსტრადიციის თხოვნა, რომელსაც ხვალ სასამართლო განიხილავს, მაგრამ მე მას ხელი გუშინ მოვაწერე და დავადასტურე. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს. ეს საკითხი საბოლოოდ სასამართლო გადასაწყვეტია, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრიც თამაშობს როლს და მე მსურს სამართალი აღსრულდეს. ექსტრადიციის თხოვნა ლეგიტიმურია, ხელი სწორედ ამიტომ მოვაწერე. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოზეა. " თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ასანჟის სასამართლო პროცესი გასულ თვეს უნდა გამართულიყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის 14 ივნისამდე გადაიდო. ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პროცესი შესაძლოა ბელმარშის ციხეში გაიმართოს.

ასანჟი ეკვადორის საელჩოში გასულ თვეს დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-იში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით ბრიტანეთმა მას გარანტია მისცა, რომ ასანჟის ექსტრადიცია არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება.

აშშ-მა მას 18 ბრალი წარუდგინა, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

წაყენებული ბრალდებების ნაწილი დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აშშ-ის გარდა ასანჟის ექსდრატიციას შვედეთიც ითხოვს.

შვედეთში გამოძიება WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მიერ ქალის გაუპატიურების შესახებ ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე ხელახლა გახსნეს.

კომენტარები