სასამართლო სისტემა

დოლიძე და ჯანეზაშვილი: დაუშვებელია, მიქაუტაძე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი იყოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ დაუშვებელია, გიორგი მიქაუტაძე მონაწილეობას იღებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში. 

მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კონკურში მიქაუტაძის მონაწილეობით ჩრდილი ადგება პროცესს, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა.

ჯანეზაშვილი და დოლიძე ყურადღებას იმ დარღვევებზე ამახვილებენ, რომელიც გიორგი მიქაუტაძის კონკურსში მონაწილეობას უკავშირდება და ორი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული:   

"1. მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, კვლავ ინარჩუნებს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოქმედი ხელმძღვანელის სტატუსს

2019 წლის 7 ივნისს გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას ვერ მიიღებდა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის შესახებ საკითხების განხილვაში, რადგან თავად არის კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, თუმცა იგი კვლავ რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად და კანონის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელიცაა.

უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შესარჩევ კონკურსში აპარატი მნიშვნელოვან და კომპლექსურ საქმიანობას ახორციელებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო სტრუქტურული ერთეული ინფორმაციის მოძიებისას საფუძვლიანად სწავლობს კანდიდატების პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას: ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს; უკავშირდება კანდიდატის რეკომენდატორებს; გამონაკლის შემთხვევებში დამატებითი შეკითხვებით მიმართავს ინფორმაციის მიმწოდებელს ან/და ინფორმაციის მისაღებად მის მიმწოდებელთან ჰქონდეს ზეპირი კომუნიკაცია.

ვინაიდან დღეს კანდიდატებს შორის არის თავად გიორგი მიქაუტაძე, გამოდის, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედი აპარატი ინფორმაციას მის შესახებაც აგროვებს. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში გიორგი მიქაუტაძე უპირატეს მდგომარეობაშია. მის ხელშია მძლავრი ბერკეტი იმისა, რომ ინფორმაციის მოძიების პროცესი წარმართოს მისთვის სასარგებლოდ.

ამრიგად, ერთი მხრივ, გიორგი მიქაუტაძე ფორმალურად ჩამოშორდა კანდიდატების შერჩევის პროცესს, თუმცა, მეორე მხრივ, ის ინარჩუნებს აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას და უძღვება აპარატის მუშაობას, რომელიც ახდენს თითოეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას, მაშინ როდესაც თავად მიქაუტაძე ერთ-ერთი კანდიდატია. უფრო მეტიც, იგი იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, იმ თვალსაზრისითაც, რომ მისგან განსხვავებით, სხვა კანდიდატებს კონკურენტების შესახებ ცნობებზე ხელი არ მიუწვდებათ.  

2. გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალდებულია ხელი მოაწეროს კანდიდატთა პირველი კენჭისყრის შედეგების ოქმს

კანონი არ ითვალისწინებს საბჭოს მდივნის სრულად ჩამოშორებას უზენაესი სასამართლოს შესარჩევი კონკურსიდან, რადგან მას ამ პროცესში, როგორც მდივანს, ექსკლუზიური ფუნქცია აკისრია. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას, რათა შეირჩეს 50 კანდიდატი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, კენჭისყრის დასრულების შემდგომ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას, ასევე კანონით არ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის უფლებამოსილების სხვა პირზე დაკისრების სტანდარტიც. ასეთი წესი გათვალისწინებულია მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, რომლის თანახმადაც, მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი. გიორგი მიქაუტაძემ დღემდე ეს პროცედურაც კი არ დაიცვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღემდე ასრულებს მდივნის მოვალეობებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ  გიორგი მიქაუტაძე, როგორც მოქმედი მდივანი, ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს, რომელიც მოკლე სიის შედგენას ეხება და ამავდროულად უარი უნდა თქვას კანდიდატობაზე.

და ბოლოს უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ პროცესში გამოიკვეთა. 2019 წლის 7 ივნისს, მას შემდეგ რაც გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ იგი კანდიდატების შერჩევის პროცედურებში მონაწილეობას არ მიიღებდა, საბჭომ ხმათა უმრავლესობით სხდომის თავმჯდომარის როლი დააკისრა მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს. მსგავს პროცედურას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის საბჭოს წევრთა უმრავლესობის „შემოქმედება“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კანონთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ჩვენ (ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი) ვითხოვდით ისეთი სტანდარტის შემოტანას, რომელიც საბჭოს მოქმედ წევრს, მათ შორის მდივანს, არ მისცემდა შესაძლებლობას, რომ თავადვე ყოფილიყო კანდიდატი. სამწუხაროდ, ჩვენი წინადადება, რომელიც გამორიცხავდა საბჭოს მოქმედი წევრის, მათ შორის საბჭოს მდივნის კონკურსში მონაწილეობას, პარლამენტმა არ გაითვალისწინა.

მიგვაჩნია, რომ დღეს შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი რჩება: მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, დაიცვას მიუკერძოებლობის უმთავრესი პრინციპები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცესში და შეასრულოს მასზე დაკისრებული შესაბამისი ვალდებულებები, რასაც შედეგად მისი მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარის თქმა უნდა მოჰყვეს", - აცხადებენ დოლიძე და ჯანეზაშვილი. 

​იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის 144 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები