სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს: 3 პირი მეტრომანის ბარათებზე ბალანსს თანხის ჩაურიცხავად, ჰაკერულად ავსებდა

სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავა

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით სხვადასხვა მოქალაქის “მეტრომანის” ბარათების მონაცემებში უკანონოდ შედიოდნენ და თანხის ჩაურიცხავად, ბარათებზე ბალანსს ავსებდნენ.

"გოგი მ, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ამ გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე. ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ამ ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები დღიურ გეგმასაც ასრულებდნენ" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს ბრალდებულთა მობილური ტელეფონები და რამდენიმე ათეული ბარათი. ასევე, დაადგინეს ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებულები ბარათებზე ბალანსს ავსებდნენ.

"ამ ეტაპისათვის, მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითისათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები