არჩევნები 2019

კილაძე კახიძეს: უხერხულია ტყუილების დაბრალება მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ვერ მოიგეთ

სოფიო კილაძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის აზრით, ოპოზიცია ტყუილებს ავრცელებს იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ მობილიზებულები. ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთო კახიძემ თქვა, რომ "ძალიან შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებთან ჰყავს მობილიზებული ის ელემენტები და იმ სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი კანონმორჩილი მოქალაქეების საკუთრებას და ჯანმრთელობას უქნიან საფრთხეს". კახიძის თქმით, დაუშვებელია, რომ სახელმწიფო და პოლიცია იყოს კრიმინალური სამყაროს თანამშრომელი და მათთან ალიანსში მყოფი. მან მოუწოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და ქართული ოცნების სხვა დეპუტატებს, შესაბამისი შფასება მისცენ ამ ფაქტს, "ვინაიდან უნდა გადაწყდეს,როგორ ქვეყანას ვაშენებთ".

სოფო კილაძის თქმით კი, "საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს შავს და თეთრს, კრიმინალურ ხელისუფლებას და დემოკრატიულ ხელისუფლებას. ქართული ოცნების დეპუტატის აზრით, ევროპული საქართველო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

"მე მგონი, ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში, ოპოზიცია ძალიან ჩვეულებრივად აღიარებს დამარცხებას. ეს არის არჩევნები, ზოგჯერ მოიგებს პარტია, ზოგჯერ წააგებს. ჩემი მეგობრული რჩევა იქნებოდა, ისე, როგორც განვითარებული ქვეყნების ოპოზიცია აკეთებს, შეეგუოთ ამ დამარცხებას და იმუშაოთ იმაზე, თქვენი გადმოსახედიდან როგორ გააუმჯობესოთ ეს შედეგები. მე მგონი, ძალიან უადგილო და ცოტა არ იყოს უხერხულია ასეთი ტყუილების დაბრალება ქართულ ოცნებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ვერ მოიგეთ.

გეთანხმებით იმაზე, რომ ნორმალურ სახელმწიფოში სახელმწიფო და კრიმინალი ანტაგონისტური ორი ცნებაა, ერთად ვერ მოდის ნორმალური სახელმწიფო და კრიმინალი, მაგრამ თქვენს დროს გაგახსენებთ, რომ სახელმწიფო თავად იყო რაღაც მიმართულებებით კრიმინალი, ამიტომ ცოტა არ იყოს, ეხერხული არის თქვენი მხრიდან ასეთი მოწოდებები იმ პირობებში, როცა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ჩვენი აბსოლუტურად ყველა არჩევნები, როგორც დემოკრატიული. მე მესმის თქვენი პოლიტიკური პათოსი, მაგრამ მგონია, რომ ცოტა უხერხულია ასეთი ტყუილების გავრცელება" - მიმართა კილაძემ კახიძეს.

კითხვაზე, აქვს თუ არა კადრები ნანახი, როგორ იყო უბნებთან მობილიზებული კრიმინალური სამყარო, სოფო კილაძე პასუხობს, რომ "აბსოლუტურად ყველა კადრს, რომელიც შეიცავს დარღვევას, ექნება პასუხი".

"არ გვინდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მერამდენე არჩევნებია, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს შავს და თეთრს, კრიმინალურ ხელისუფლებას და დემოკრატიულ ხელისუფლებას, ტყუილად ცდილობთ რაღაცა ტყუილებით და გაბუქებებით საზოგადება შეცდომაში შეიყვანოთ, არ შედის თქვენი ტყუილებით საზოგადოება შეცდომაში" - თქვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, შუალედური არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ლადო კახაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 61.83 % (10 738 ამომრჩეველი) მიიღო. ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ - 38.17% (6 630 ამომრჩეველი) დააგროვა.

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობისას, სხვადასხვა უბანთან ქართულ ოცნებას ე.წ ქურდული სამყაროს წევრები და კრიმინალები ჰყავდა მობილიზებული. პარტიამ ამის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

კომენტარები