არჩევნები 2019

კალაძე: ჩვენი ინფორმაციით დათვლილია ხმების 75%, აქედან 62.5% არის ბატონი ლადო კახაძის

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ლადო კახაძემ შალვა შავგულიძეს მთაწმინდის ოლქში დიდი უპირატესობით მოუგო. ამჯერად მან კონკრეტული ციფრებიც დაასახელა:

"ამ წუთში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა ვუპასუხო იმ ადმიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. ამ ეტაპზე რასაც ჩვენ გვაწვდიან უბნებიდან ჩვენი წარმომადგენელები, ხმების 75% არის დათვლილი და აქედან 62.5% არის ბატონი ლადო კახაძის, 37.5% ბატონი შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ლადოს მივულოცო დამაჯერებელი გამარჯვება. ძალიან დიდია სხვაობა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ გაიზრდება ეს ციფრი. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა." თქვა მან.

მანამდე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კალაძემ თქვა, რომ პარტიის ინფორმაციით ლადო კახაძე დამაჯერებლად იმარჯვებდა, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ნაადრევი იყო.

9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტური ჩატარდა.

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან.

კომენტარები