არჩევნები 2019

გახარია: იქ, სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი

"იქ, სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად. წერტილი" - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო დღის შეფასებისას განაცხადა.

"იქ სადაც იქნება კანონის დარღვევა, ან მცირეოდენი გადაცდომა, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მყისიერი, ისე როგორც ეს რეაგირება რამდენიმე უბანზე მოხდა. იყო ერთი შემთხვევა, სადაც მუქარის შემადგენლობა იყო, იქ წინასწარი მოკვლევა უკვე მიმდინარეობს და ადამიანები იკითხებიან" - თქვა გახარიამ.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა.

დღის მანძილზე საარჩევნო უბნებზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა - კერძოდ, ევროპული საქართველოს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთი კაცი მეორეს ლადო კახაძის შემოხაზვას სთხოვს. კიდევ ერთი კი იმუქრება - "რას დამდევ, დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე, თორემ გაგჭრი შუაში". უბანთან მათ სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ, თუმცა, ევროპული საქართველოს გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ვიდეოში მონაწილე პირები ქართული ოცნების აქტივისტები არიან და ისინი კახა კალაძის საარჩევნო კამპანიაში იღებდნენ მონაწილეობას. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

გარდა ამისა, მე-18 უბანზე ქართული ოცნების აქტივისტებმა დამკვირვებლებს ანა ბარამიძეს და კატო კოპალეიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი მათგანი ყვება, რომ უბანზე კაცმა შეაგინა.

"მერე, ტელეფონი მიჯდებოდა და შევედი კაფეში, სადაც დაახლოებით 10-მდე ადამიანი ისხდა. ვნახეთ, რომ თან ჰქონდათ სიები და ამისთვის ფოტოს გადაღება ვცადეთ და ვკითხეთ, რაში სჭირდებოდა ეს სია. ყველა გამოტრიალდა, რატომ გვიღებთო, აქ რატომ დგახარო. ვუთხარი, რომ მე მათ პირად სივრცეს არ ვარღვევდი. ამასობაში წამოხტა ერთი ქალი, რას მეკაჩავებიო, შნირები ხართო. ჩემს მეგობარს, ასევე დამკვირვებელს ვუთხარი, რომ გადაეღო და მაშინ სცადა, მისთვის ტელეფონი წაერთმია".

დაზარალებულები პოლიციამ გამოკითხა. 

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური შალვა შავგულიძესა და ლადო კახაძეს შორის გაიმართა. 

კომენტარები