არჩევნები 2019

17:00 საათის მონაცემებით მთაწმინდაზე აქტივობა 32.5%-ია, პირველ ტურში 26.6% იყო

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 32.5%-ია, რაც 14278 ამომრჩეველია.

19 მაისს, შუალედური არჩევნების პირველ ტურში მთაწმინდაზე აქტივობა 26.6% იყო (11669 ამომრჩეველი).

ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, ამ დრომდე დაწერილია ორი საჩივარი. მისი განმარტებით, ერთი ეხება წილისყრის პროცესში კომისიის წევრის მიერ მონაწილეობაზე უარს და მეორე - „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ საჩივარი ეხება №17-ე საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავებას. უწყებაში ამბობენ, რომ მას გაფრთხილება მიეცა და ფაქტი აღმოიფხვრა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მეორე ტურში ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გადავიდნენ.

კომენტარები