არჩევნები 2019

ბოკერია: "ოცნებას" არ უნდა გავატანინოთ, რომ იკადრონ ყველაფერი, ეს აზიანებს ქვეყნის მომავალს

ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია სამართლიანი არჩევნების ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვით, შალვა შავგულიძის წინააღმდეგ, Facebook-ზე ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს.

დეპუტატის თქმით, ანგარიში ადასტურებს, რომ კამპანიის ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილის გუნდია.

"სამართლიანი არჩევნების უახლოესი ანგარიში ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვხედავდით, რომ ეს ბინძური კამპანია არის ერთი ადგილიდან კოორდინირებული, ივანიშვილის გუნდის კამპანიაა. ამის დაგვირგვინება იყო უსინდისო და უპრინციპო კლოუნი, ბატონი კახაძე დებატებში, რომელიც ტიპიურ სიბინძურეს და ცილისწამებას ისროდა. არადა, კამპანიის დასაწყისში, როცა მას და ივანიშვილის გუნდს ეგონა, რომ იგებდნენ, გააკეთა განცხადება, რომ ყველას პატივს სცემს და ყველასთან ითანამშრომლებს. მერე, როცა დაინახა, რომ დიდი კონკურენციაა და წაგების დიდი შანსი აქვს, ჩაირთო კლასიკური ივანიშვილის გუნდის ტალახის სროლა, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ", - ამბობს ის.

გიგა ბოკერიამ ისაუბრა სულხან მოლაშვილის საქმეზე მის მიმართ ბრალდებებზეც და აღნიშნა, რომ ერთხელაც კი არ დაუკითხავთ.

"ახლა არის მოლაშვილის თემა, ეს ბინძური ცილისწამება ჩემ წინააღმდეგ, როცა ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის თავზე ერთხელაც კი არ დავუკითხივარ ამ თემაზე, რადგან თვითონაც იცოდნენ, რომ ივანიშვილის გუნდის თხოვნით იქნა მოგონილი ეს სრული ცილისწამება. მაგრამ ყველა არჩევნების წინ ამ ახალ ტალღას იწყებენ, რითაც ჩვენი არანორმალურ ვითარებას ქმნიან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უქმნიან საფრთხეს. ამ ყველაფერზე პასუხი იქნება ამომრჩევლის მისვლა არჩევნებზე და ამ სამარცხვინო კლოუნებისთვის პასუხის გაცემა. ჩვენ გვჭირდება ნორმალური ცხოვრება, არ გვჭირდება სიძულვილის თესვა. მუდმივად ტალახის და ცილისწამების ორგანიზება. არ უნდა გავატანინოთ, რომ იკადრონ ყველაფერი, ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს", - ამბობს დეპუტატი.

კომენტარები