ნათია თურნავა

თურნავა: აქტიურად ვიწყებთ ჩვენი ბიზნესის დაცვას, არამარტო ქვეყნის შიგნით

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა შეეცდება ქართულ კომპანიებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეუწყოს ხელი.

"ძალიან აქტიურად ვიწყებთ დაცვას ჩვენი ბიზნესების არამარტო ქვეყნის შიგნით, იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით მათ დაცვა კი არ სჭირდებათ, სჭირდებათ სამართლიანი თამაშის წესები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჩვენმა ბიზნესმა გადაიტანა ბევრი რამ და დადგა უკვე ისეთ სიმაღლეზე, რომ ძალიან კონკურენტული არის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბევრი მაგალითი გვაქვს ამისი." - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

თურნავამ თქვა, რომ ქართულ კომპანიებს ლობირება სჭირდებათ უცხო ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად:

"სულ ბოლო მაგალითი არის, არ შემიძლია არ ვახსენო აქ, ჩვენი ბენეფიციარი აწარმოე საქართველოს პროგრამის, “ელსელემა”, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში და შეუკერავს შვეიცარიელ პოლიციელებს ფორმებს. ეს არის ჩვენი, ლანჩხუთში მდებარე საწარმო. ესეთი საწარმოები საბედნიეროდ ბევრი გვაქვს. მათ სჭირდებათ საკუთარი ინტერესების დაცვა და თუ გნებავთ, ლობირება, საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ ისინი არ დაიჩაგრონ სხვადასხვა ტენდერში, რომ მათ არ დაახვედრონ რაიმე ზედმეტი სავაჭრო ბარიერები. ჩვენ ამას ძალიან აქტიურად განვახორციელებთ, თუნდაც იგივე ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტის მეშვეობით და პირდაპირ ჩვენ კოლეგებთან მუშაობის მეშვეობით."

ნათია თურნავა მინისტრად დანიშვნის შემდეგ პარლამენტში პირველადაა მისული დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად. მას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

კომენტარები