მეორე ტური მთაწმინდაზე

შავგულიძე: პოზიციები არ შემიცვლია, ისევ მივიჩნევ, რომ უსამართლობასთან შეგუება არ შეიძლება

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

"რა თქმა უნდა, მე ამ რისკს ვაცნობიერებდი და ეს მოსალოდნელიც იყო" - ასე პასუხობს შალვა შავგულიძე შეკითხვას იმის შესახებ, რომ ევროპულ საქართველოსთან გაერთიანების შემდეგ ხელისუფლება და პროსახელისუფლებო ძალები მას ღირებულებების ღალატში სდებენ ბრალს. 

საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო. 

"ჩემი გადაწყვეტილება იყო სრულიად გაცნობიერებული და მიმაჩნია, ძალიან სწორი და სასარგებლო მთლიანად ჩვენი ქვეყნისათვის და რატომ. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მე პოზიციები არ შემიცვლია. როგორც მიმაჩნდა, რომ უსამართლობასთან შეგუება არ შეიძლებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე მიმაჩნია, რომ ქართული ოცნების პირობებში არ შეიძლება უსამართლობასთან შეგუება და არანაკლები უსამართლობა ხდება დღეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ გადმოიბარა ქართულმა ოცნებამ სწორედ ის სასამართლო კორპუსი, რომელიც მაშინ გამოირჩეოდა ყველაზე მეტი უსამართლობით, უვადოდ განამწესა ისინი და ჩააბარა სასამართლო ხელისუფლება,"- თქვა შავგულიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში". 

შავგულიძის თქმით, ლეგიტიმურია მის მიმართ დასმული კითხვა, რომ "კი ბატონო, უსამართლობასთან ბრძოლა ამ ხელისუფლებასთანაც საჭიროა, მაგრამ რატომ ევროპული საქართველო", რასაც კანდიდატი შემდეგნაირად პასუხობს:

"საქმე იმაშია, რომ როდესაც დგება აუცილებლობა ხელისუფლების შეცვლის, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალა, ისევე, როგორც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პერსონა ეძებ გზებს, როგორ შეიძლება ამის განხორციელება. რამდენადაც დამოუკიდებლად, მე ვფიქრობ, არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას დღეს არ ძალუძს დაამარცხოს ქართული ოცნების ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში იწყება ძებნა ერთმანეთთან ურთიერთკავშირისა და ძალების გაერთიანებისა. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საერთო ენას პოულობენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მეტი აქვთ ღირებულებითი თანხვედრა და ქვეყნის მომავლის ხედვაში თანხვედრა". 

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. 12 საარჩევნო ოლქიდან შალვა შავგულიძე ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც მეორე ტურში გადასვლა შეძლო. მას 9 ივნისს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე დაუპირისპირდება. 

კომენტარები