მამუკა ბახტაძე პარლამენტში

ბახტაძე არ პასუხობს კითხვას, რამდენი ადამიანი შევიდა წინა წელს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე არ პასუხობს შეკითხვას, კონკრეტულად რამდენი ადამიანი შეიყვანა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. 

შესაბამისი კითხვა მას ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ, პარლამენტში მისი გამოსვლის დროს დაუსვა. 

კაპანაძემ პრემიერმინისტრს მისი ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადებები შეახსენა ამ სიასთან დაკავშირებით, როდესაც ბახტაძე პირობას დებდა, რომ სია გაფართოვდებოდა, დაიხვეწებოდა და მასში "ყველა ჯალათი მოხვდებოდა", მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. 

"2018 წლის ივნისში მივიღეთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. 2019 წლის ივნისი იწყება ხვალ. თქვენი ციტატაა, რომ "ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი მოხვდება". ასევე თქვენი ციტატაა, რომ "არამარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც დამნაშავეებს ხელი დააფარეს". თქვენვე, მათ შორის, ამბობდით, რომ იქნებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც. კითხვა, და კონკრეტული პასუხი მინდა ამ კითხვაზე და არა ლირიკა, რაც აქ მოგვწერეთ, რომ არ მოგცემთ სპეკულაციის საშუალებასო. კითხვა: რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე, საოკუპაციო რეჟიმის წევრი შეიყვანეთ ბოლო ერთ წელიწადში ამ სიაში? კონკრეტულად, სახელები და გვარები და რამდენი? და თუ არ შეგიყვანიათ, რატომ? იმიტომ, რომ არ ასრულებს მთავრობა ჯეროვნად თავის მოვალეობას, თუ იმიტომ, რომ არ მიგაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შესაყვანები არიან ამ სიაში?" - ჰკითხა კაპანაძემ ბახტაძემ. 

პრემიერმინისტრს არ უპასუხია კაპანაძის მიერ დასმული კონკრეტული კითხვისთვის, თუ რამდენი ადამიანი შევიდა ბოლო დროს ამ სიაში. მან პასუხის გაცემა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ზოგადი მიმოხილვით და იმაზე საუბრით დაიწყო, თუ რა მნიშვნელობისაა ეს სია. ასევე, პრემიერმინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მის არცერთ საერთაშორისო გამოსვლას არ ამ თემის გარეშე არ ჩაუვლია. შემდეგ კი საქართველოს მიმართ ბოლოდროინდელ საერთაშორისო მხარდაჭერის ფაქტებზე ისაუბრა. 

კონკურეტულად სიის გაზრდაზე კი პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს სია ახლო პერიოდში გაიზრდება". 

"დიახ, მე გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ და პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერ ჩემს სიტყვაზე. მე ბოლო დღეების განმავლობაშიც მქონდა კონსულტაცია შესაბამის ორგანოებთან და გიდასტურებთ, რომ არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს სია ახლო პერიოდში გაიზრდება,"- თქვა ბახტაძემ. 

ევროპული საქართველოს ინიციატივით, პარლამენტში "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" გასულ წელს შეიქმნა. ეს არის დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ.

რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

კომენტარები