მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა

მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. 

ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული

ზელენსკიმ მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს, მიერ 2017 წლის 26 ივლისს გამოცემული ბრძანებულება გააუქმა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. 

"მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!" - ასე ეხმაურება სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეობის დაბრუნებას. 

ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა და როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობის ნებას დართავდა. 

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2018 წლის თებერვალში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს და კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს.

კომენტარები