მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა

პოროშენკო სააკაშვილზე: იმედი მაქვს, საქართველოშიც ასევე შეიჭრება

Reuters

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილი "ისევე შეიჭრება საქართველოში, როგორც უკრაინაში".

ამასთან ამბობს, რომ სააკაშვილის ქმედება პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილება. 

"სააკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს არ სჭირდება პოლიტიკური კომენტარები. ჩვენ ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ,"- წერს პოროშენკო Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. 

პოროშენკო ამატებს, რომ მიიღებს შეასრულებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც "მიიღებს სასამართლო საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ". 

გუშინ ღამით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაარღვიეს შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი, გადავიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და იქიდან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. 

აღნიშნულ ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

უკრაინის პოლიციის მტკიცებით, "შეგინის" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვისას, 11 პოლიციელი დაშავდა.

კომენტარები