აჭარის მთავრობა

"ჩრდილოთუმეს" იარლიყზე კომენტარს არც კი გავაკეთებ - აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი

Inga Shamilishvili / facebook

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენებას Facebook-ზე გამოეხმაურა. 

შამილაშვილი წერს, რომ თანამდებობის დაკარგვით არაფერი მთავრდება და გულშემატკივრებს მოკითხვისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

მისივე თქმით, რუსულ იარლიყთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას არ აპირებს.

"დრო ყველაფერს მიუჩენს შესაფერ ადგილს. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ჩვენი კეთილი საქმეები კი დარჩება ნათელ მაგალითად იმ უმთავრესი ფასეულობების ერთგულებისა, რასაც ჩემი და თქვენი სამშობლოს ნათელი მომავალისთვის ზრუნვა, უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა ჰქვია. რაც შეეხება ოპონენტთა დისკრედიტირების ყბადაღებულ და დღეს უკვე ლამის კლიშედ ქცეულ "ჩრდილოთუმეს" იარლიყს, ამაზე კომენტარს არც კი გავაკეთებ. ან კი მტკიცებას რა ძალა აქვს? დაე, კვლავ ჩემი ღირებულებები ჩემმა საქმეებმა გამოაჩინოს",- წერს ინგა შამილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენა, რაც მემედ აბაშიძის გამზირზე 26 მაისს მოწყობილი საზეიმო მსვლელობის დროს რუსეთის დროშები და წარწერა Russia გამოჩნდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

კომენტარები