საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე თავის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს, თუმცა ფონდი 481 მილიონიან ზარალშია

facebook.com/PartnershipFund

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ საკუთარ საქმიანობას დღევანდელ თანამდებობაზე ძალიან პოზიტიურად აფასებს.

"რაც შეეხება ჩემს ეფექტურობას, მე გითხარით, რომ ის, რაც მართვაში არ მომწონს, მე ამას ხმამაღლა ვამბობ და ჩემი ცხოვრება ყველაფერს ხმამაღლა ვამბობ, ყველასთან, ვისაც მოსწონს და არ მოსწონს. და მეორე - ის, რაც ფონდს შეეძლო გაეკეთებინა და რასაც ფონდმა მიაღწია ამ მმართველობის პირობებში მიმაჩნია, რომ არის ძალიან პოზიტიური და ძალიან დადებითი. ასე რომ, მე ჩემს საქმიანობას ამ გუნდთან ერთად ძალიან პოზიტიურად ვაფასებ." - აცხადებს საგანელიძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 481 მილიონ ლარიანი ზარალით დახურა. საგანელიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ზარალი ძირითადად იმ კომპანიებზე მოდის, ვის მართვაშიც ფონდი არ მონაწილეობს, თუმცა დივიდენდებს მაინც იღებს.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული.

გასულ წელს დავით საგანელიძემ თანამდებობრივი სარგოს სახით 294 ათასი ლარი მიიღო. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა.

კომენტარები