არჩევნები 2019

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება მიიღო.

მეორე ტურში მონაწილეობას შალვა შავგულიძე (N13) და ლადო კახაძე (N41) მიიღებენ. მათ შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს.

ცესკოს ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა სულ 15 022-მა ამომრჩეველმა მიიღო, შედეგები კი ასე გადანაწილდა:

  • შალვა შავგულიძე - 5422 ხმა (36.84%) - ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები;
  • ლადო კახაძე - 6036 ხმა (41.01%) - ქართული ოცნება.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა თქვა, დამტკიცდა მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, ბიულეტენის ტექსტი, ასევე დაადგინა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების წესი.

"მეორე ტურის ჩასატარებლად განსაზღვრულია 402,673 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ცესკოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოუთხოვია. პირველ ტურში გაწეული თანხების ეკონომიიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა აღნიშნული თანხის მეორე ტურისთვის გადანაწილება",- თქვა ანა მიქელაძემ.

კომენტარები