სექსუალური შევიწროება

არა ნიშნავს არას - ქალთა მოძრაობის სოლიდარობა ბსუ-ს სტუდენტებს, ვინც სექსუალურად შეავიწროვეს

ქალთა მოძრაობა

ქალთა მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ქალს, რომელმაც ლექტორი ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ამასთან, მოძრაობა შეშფოტებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მან უარი თქვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეთავაზებულ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებაზე და დაიქირავა კერძო ადვოკატი, რომელმაც პირველივე განცხადებით მოძალადის მხარე დაიჭირა.

მოძრაობა გავრცელებულ განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყველა სტუდენტ გოგოს, რომელმაც ომარ მახარაძის მხრიდან ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

"სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად დიდ გამბედაობას მოითხოვს ქალების მხრიდან და ის ფაქტი, რომ სტუდენტები ერთმანეთს მხარში დაუდგნენ მოძალადე ლექტორის სამხილებლად, არის მისასალმებელი და იმედის მომცემი, რომ სექსუალური შევიწროება სტუდენტების მიმართ შეწყდება.

მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტს, რომელმაც პირველმა ამხილა მოძალადე. თუმცა, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის გამო, რომ მან უარი თქვა "საიას" კვალიფიციურ მომსახურებაზე და დაიქირავა ისეთი კერძო ადვოკატი, რომელმაც პირველივე განცხადებით მოძალადის მხარდამჭერი პოზიცია გააჟღერა. ვთხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს და გამორიცხოს მოწმეზე ზეწოლის შესაძლო ფაქტები, იმის გათვალისწინებით, რომ მოძალადე არის სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ბათუმის საკრებულოს წევრი და აქვს მოტივი და შესაძლებლობა ზეწოლა მოახდინოს მსხვერპლზე.

ამასთან, მივესალმებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს ქმედებებს, რომელმაც დროულად დაიწყო პრობლემის შესწავლა და მოაგროვა მტკიცებულებები სხვა პირების მხრიდანაც. შეგახსენებთ, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია მყისიერად რეაგირებდეს სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციის ფაქტებზე. უმაღლეს სასწავლებლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება სექსუალური შევიწროების პრაქტიკის აღმოფხვრისათვის", - წერია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

ბსუ-ს სტუდენტმა, 19 წლის გოგომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ლექტორი, ქართული ოცნების წევრი, ომარ მახარაძე მას სექსუალურად ავიწროებდა და "თამამი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა".

მახარაძემ ბრალდება უარყო და თქვა, რომ მას ICloud გაუტეხეს და მესიჯები სტუდენტისთვის მას არ გაუგზავნია.

თავდაპირველად მას საია იცავდა, თუმცა, 24 მაისს მან ორგანიზაციის დაცვაზე უარი თქვა, კერძო ადვოკატი აიყვანა და არ გამორიცხა, რომ ლექტორს iCloud შესაძლოა მართლა გაუტეხეს.

19 წლის სტუდენტმა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორსა და საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ადვოკატი შეიცვალა და არ გამორიცხავს რომ ლექტორს iCloud მართლა გაუტეხეს.

სტუდენტის პრობლემაზე სტატია თავდაპირველად "ბათუმელებმა" მოამზადა და მისთვის ლექტორის მიერ გაგზავნილი მესიჯებიც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უნივერსიტეტმა კაცისთვის სალექციო კურსის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

7 წევრისგან სპეციალურად შემდგარმა უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიამ განხილვაზე 19 წლის სტუდენტსაც მოუსმინა. გოგომ საბჭოს წევრებს ლექტორთან მიმოწერა წარუდგინა.

"პრინციპულად აფიქსირებს ზუსტად იმ პოზიციას, რა პოზიციაც იყო მედიაში გავრცელებული. სტუდენტს ვესაუბრეთ, რა გამოიკვეთა ამას ვერ გეტყვით, თუმცა არის ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები. თვითონ არაფერს არ ითხოვს, თვითონ ითხოვს ჩვენგან ობიექტურ გადაწყვეტილებას და დამერწმუნეთ რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ფაქტებზე დაფუძნებით ობიექტური", - თქვა დისციპლინური კომისიის თავმჯდომარემ.

"ბათუმელების" ინფორმაციით, სტუდენტი ლექტორისგან სექსუალური ხასიათის მესიჯებს იღებდა - ჯერ იყო მოკითხვა, შემდეგ კი ჰკითხა ყავს თუ არა ძმა ან მამა. ამას მოჰყვა მესიჯი - "თამამი სელფი გამომიგზავნე". სტუდენტი ლექტორს წერს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ის სტუდენტისგან კვლავ ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა "თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ".

ბათუმელები წერს, რომ მიმოწერას თან ახლავს ფოტოებიც - ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

საქმეზე იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპზე გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საკითხს საკუთარი ინიციატივით სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც.

კომენტარები