არჩევნები 2019

მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება - ამის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.

"ცესკომ დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიება და ვადები განსაზღვრა. 24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა",- წერია განცხადებაში.

19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართა, მათ შორის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%. მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

კომენტარები