აშშ-ირანი

შენაჰანი ირანზე: წინდახედული ნაბიჯები გადავდგით, ამერიკელებზე შესაძლო თავდასხმა შევაჩერეთ

პატრიკ შენაჰანი
Reuters

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰანმა თქვა, რომ აშშ-ის მიერ მიღებულმა ზომებმა ირანის მხრიდან პოტენციური თავდასხმის საფრთხე დროებით შეაჩერა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია ირანიდან მომავალი საფრთხის შეკავებაა და არა ომის წარმოება.

ის ამერიკელ კანონმდებლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად ესაუბრა.

"ჩემი აზრით ჩვენი ნაბიჯები ძალიან წინდახედული იყო და ამერიკელებზე პოტენციური თავდასხმა შევაჩერეთ, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვიტყოდი, რომ ისეთ პერიოდში ვართ, როდესაც საფრთხე კვლავ მაღალია და ჩვენი საქმეა იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა არასწორი გათვლები არ გააკეთოს... იმედი მაქვს ირანი გვისმენს. ჩვენ რეგიონში ბევრი საკითხის გამო ვართ, თუმცა მათ შორის ირანთან ომი არ არის." თქვა მან.

"ცრუ მედია ავრცელებს ჩვეულ ცრუ განცხადებას, იმის ცოდნის გარეშე აშშ ირანთან მოლაპარაკებებს ცდილობს თუ არა. ეს ცრუ ინფორმაციაა, ირანი დაგვიკავშირდება თუ და როდესაც მზად იქნებიან. მანამდე, მათი ეკონომიკა ინგრევა, რაც ძალიან სამწუხაროა ირანელი ხალხისათვის!" დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე.

მანამდე კი, გასულ კვირას ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: "თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება."

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნავთობის ფასებზეც აისახა.

ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2 მაისამდეა და როგორც პომპეომ თქვა აღარ განახლდება. მიუხედავად ამისა ჩინეთი ამბობს, რომ ირანთან ვაჭრობას გააგრძელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ირანიდან მომავალი საფრთხის გამო რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

კომენტარები