არჩევნები 2019

ელისაშვილი შავგულიძის მხარდაჭერაზე: ხალხს ვკითხავთ, ჩვენ არ ვცანცარებთ პოლიტიკაში

რუსთავი 2

ალეკო ელისაშვილი გეგმავს, თავის ამომრჩეველს პირადად ჰკითხოს, უნდა დაუჭიროს თუ არა მისმა "სამოქალაქო მოძრაობამ" მხარი ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს მეორე ტურში. 

შავგულიძე კენჭს მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში იყრის, მისი კონკურენტი ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძეა

ელისაშვილის გუნდში ეს საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტიათ. ეს მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში თქვა. 

"ის, რომ მე არ დავდექი მთაწმინდაზე და ლევან იოსელიანი დადგა [კანდიდატად], იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არ ვცანცარებთ და ძალიან პასუხისმგებლობით ვუყურებთ ყველაფერს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნება 2020 წელს, რომ გატყდეს ეს ორპოლუსიანობა, რაც გლეჯს ამ ქვეყანას და განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამისთვის ვემზადებით და ამისთვის ვიბრძვით. 

შესაბამისად, არ ვცანცარებთ და ვაანალიზებთ შემდგომ ნაბიჯებს. 

ახლა ვაპირებთ, ვინმეს დავუჭიროთ თუ არა მხარი, პირადად ვკითხოთ ხალხს. 

ჩვენ რომ ლადო კახაძეს მხარს არ დავუჭერთ, ეს გასაგებია და ძალიან ღიმილის მომგვრელი რომაა ლადო კახაძის მხარდაჭერა, ამაზე არ ვლაპარაკობთ. 

ძალიან დიდი პატივისცემით ვარ და უფრო მეტად ვიყავი განმსჭვალული შალვა შავგულიძის მიმართ. მაგრამ ძალიან გული დამწყდა, რომ მან დამოუკიდებლად არ დააყენა [კანდიდატურა], ან, ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, რომ 2020 წელს ერთიანი მონახაზი გვქონოდა. ჩემთვის მიუღებელია მისი „ნაციონალურ მოძრაობის“ გვერდში დგომა. ამან ძალიან გამანაწყენა. რომელ ძალასაც უპირისპირდებოდა წლების განმავლობაში, მისი კანდიდატი რომ გახდა, ამან ძალიან დამაბნია და გული დამწყვიტა. მე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური კაცი ვარ, არ ვცანცარებ პოლიტიკაში და ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგები ამ საკითხს", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

მისი შეფასებით, ერთდერთი ალტერნატიული მზარდი, ორგანიზებული, დისციპლინირებული ძალა და ალტერნატივა არის „სამოქალაქო მოძრაობა“, რაც შუალედური არჩევნების შედეგებმა აჩვენა, როცა მათი კანდიდატი, ლევან იოსელიანი მესამე ადგილზე გავიდა.  

„თუ ვინმე აძლიერებს „ქართულ ოცნებას“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუ ვინმე ეხმარება ხელისუფლებაში დარჩენაში, სააკაშვილი რომ არა, თავისი გამოსვლებით, სააკაშვილი ეხმარება ივანიშვილს,“ - თქვა ელისაშვილმა.

"სამოქალაქო მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდაზე, ლევან იოსელიანმა ხმების 6.55% აიღო. მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება. ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%. მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

20 მაისს გირჩის კანდიდატმა, ჰერმან საბომ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ გააკეთეს განცხადებები, რომ არ აპირებენ, მეორე ტურში მხარი შავგულიძეს დაუჭირონ. 

კომენტარები