არჩევნები 2019

გახარია: ხალხის მობილიზებაა ზუგდიდში - ჩვენ, მეგრელებს, სტუმარ-მასპინძლობა არ გვეშლება

შსს

გახარია: ხალხის მობილიზებაა ზუგდიდში - ჩვენ, მეგრელებს, სტუმარ-მასპინძლობა არ გვეშლება

გიორგი გახარია ზუგდიდში ჩადის. ჟურნალისტებმა ის სენაკში ჩაწერეს, სადაც, როგორც თავად მინისტრმა, ბევრი საქმე ჰქონდა და ამიტომ შეჩერდა. 

"მე დღეს დილით ადრე მივეცი ხმა მთაწმინდაზე. შემდეგ ჩამოვიარე ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ზესტაფონი, ჭიათურა, მარნეული და გავაგრძელებთ ზუგდიდისკენ. 

ზუგდიდში პირდაპირ იმიტო არ ჩავედი და სენაკში იმიტო გავჩერდი, რომ აქეთ მხარესაც ბევრი საქმე გვქონდა ძაან, სენაკში, გავჩერდით ცოტა ხანი და ახლა წავალთ ზუგდიდში. 

საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის, ამისთვის არსებობენ დამკვირვებლები და ცესკო, უბრალოდ, ფაქტია ის, რომ არის მცდელობა არაფრისგან თემების შექმნის და ამ მცდელობას მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი. 

ზუგდიდში სხვებზე მეტად ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ნორმალურად არის ყველაფერი.  მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება. 

არის გარკვეული პრობლემები, თუმცა, არაფერი განსაკუთრებული იქ არ ხდება. დარწმუნებული ვარ, როგორც მთელ საქართველოში, ზუგდიდშიც მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება, აირჩონ თავიანთი ქალაქის მერი. 

ასევე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დიდი რაოდენობის ადამიანების მობილიზება ზუგდიდში - ჩვენ, მეგრელებს, სტუმარ-მასპინძლობას ვერავინ გვასწავლის. რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა, ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს. ის ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავის ახალ მერთან", -თქვა გახარიამ. 

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

ზუგდიდში ხმის მიცემის პროცესი ხმაურის და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. 

აქ ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი შენგელიაა, ენმ-ის კანდიდატი კი - სანდრა რულოვსი. 

კომენტარები