არჩევნები 2019

ზუგდიდის 87-ე უბანთან მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

ტელეკომპანია იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.

1999 წელს დაბადებულ ი.ჩ-სა და 2000 წელს დაბადებულ ბ.გ-ს შსს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებას ედავება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მათ წარმომადგენელს ზოიაი ფარცხავას გაურკვეველი პირები ჰაერში გასროლით დაემუქრნენ. მისივე ინფორმაციით პირები მანქანიდან გამოდვიდნენ, რომლის ნომერიც 1999 წელს დაბადებულ ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით ირაკლი ჩანგელია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის ლელა ლაშხიას შვილიას.

კომენტარები