ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული: მონტაჟია, იმ პირთან კბილის პროთეზირებაზე ვსაუბრობდი

გია დანელია
ტაბულა

ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში ადგილობრივი საკრებულოს წევრი, გია დანელია დაკითხეს. 

დაკითხვა იმ ფარულ ჩანაწერს შეეხებოდა, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერით გავრცელდა. მასში დეპუტატი ამომრჩევლის დაშინებაზე მითითებებს გასცემს. 

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ჩანაწერი მონტაჟია, უარყო, რომ მსგავსი შეხვედრა მოხდა და თქვა, რომ საუბარი არასაარჩევნო თემას შეეხებოდა და შემდეგ ის დაამონტაჟეს.

"ჩანაწერი არ არის ერთი მთლიანი, არის ერთმანეთს მიბმული, ჩემი ტუჩების მიმიკა და საუბარი ერთმანეთს სცდება. ეს არის შეკერილი, ტექსტი გახლავთ შეკერილი, სხვადასხვა ტექსტი არის შეკრებული, ფაბრიცირებული და ჩასმული. ამ შინაარსის საუბარი მე მასთან არ მქონია. 

რაზე მქონდა საუბარი - ის გახლდათ ჩემი პაციენტი, 15 წლის წინ მე მას გავუკეთე კბილების პროთეზირება. დაახლოებით 2,5 წლის წინ მან დამირეკა, მაქვს თქვენთან კონსულტაციის სურვილიო. ამაზე ვისაუბრეთ პოლიკლინიკის წინ დაახლოებით 25-30 წუთი. ვისაუბრეთ სხვა თემებზე, თხილის შეწამვლაზე და ა.შ. ჩემი თანასოფლელია. აქ მიმდინარეობს არა მარტო ჩემი, არამედ ხელისუფლების დისკრედიტაცია. ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა. 9 წლის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს, ტერორის, ჩემნაირი მოქალაქეების მიმართ. 

სამართლებრივად რას ვაპირებ? დასრულდეს გამოძიება. გამოძიების დასკვნიდან გამომდინარე, შევიტან საჩივარს რ2-ის წინააღმდეგ, ვინაიდან რ2-მა ააგორა ეს ტალღა, მოვიდა კაბინეტში, გამიხსნა ტელეფონი, ეს თქვენ ბრძანდებითო? მე სათვალეს ვიყენებ და სათვალითაც ვერ ვიცანი ჩემი თავი", - თქვა გია დანელიამ. 

რუსთავი 2-ის მიერ 14 მაისს გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ დანელია პირს ეუბნება, რომ "ზემოდან" დავალება მიიღო, რომ ამომრჩევლის ხმები "ნებისმიერ ფასად" მიიღონ და "ყველაფერზე თანხმობაა მიღებული".

"თათბირზე ვიყავი ახლა და თბილისიდან იყო წარმომადგენელი. კაროჩე, ნებისმიერი მეთოდით იმუშავეთო, ტერორით, დედა .... მოსყიდვა - მოისყიდეთოგასატაცებელია - ყველაფერზე თანხმობაა მიცემულიო",- ისმის ჩანაწერში. 

ასევე, ჩანაწერში ისმის, რომ გალიდან 30 "მაყურებელი" და ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთვებიან საქმეში. 

ჩანაწერის თარიღი უცნობია, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე, ის წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

რუსთავი2-თან საუბარში დანელიამ თქვა, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია და მისი ხმა არ არის. 

ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში დანელიამ თქვა, რომ ჩანაწერში თავი იცნო, მაგრამ საუბარი არ ახსოვს და პასუხის გასაცემად დეტალურად უნდა გამოიკვლიოს. მისი თქმით, ისეთი სახელები ისმის ვისაც არ იცნობს.

"წინასაარჩევნოდ, მის მხარდამჭერ ჯგუფში ვიყავი, ვიდეოშიც ვიყავი, კლიპშიც და ეს შეიძლება უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლიჯონ და ჩასვან. მე როგორც გამეგება ხშირად ვუყურებ გადაცემებს, შენთვის სასურველ ჯგუფთან და მისცე მათ სასურველი ინფორმაცია. ამ ფარულ ჩანაწერშიც, სიმართლე გითხრათ იმდენი სატელეფონო ზარი შემოდის და ეს დეტალურად არ განმიხილავს. მე უნდა დავჯდე, გადავახვიო და დავრწმუნდე რომ მე ვარ და დეტალურად უნდა გავშიფრო ის რომ მე რაღაცაზე ვსაუბრობ, მაგრამ მე გარკვეული მონაკვეთები რომ წავიკითხე ერთმანეთს არ ესაბამება არაფერი"- თქვა 14 მაისს დანელია.  

პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა, ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები