ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ზუგდიდში გადასატანი ყუთის სიები დამტკიცდა

Livepress

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დღესაც, 17 მაისს, ხმაურის ფონზე წარიმართა.

გადასატანი ყუთის სიები ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად დამტკიცდა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა ერთი საჩივარი გადასატან ყუთთან დაკავშირებით, რაზეც კომისიამ გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსის შესაბამისად მიიღო. 

„იყო ერთი საჩივარი ერთ კონკრეტულ უბანთან დაკავშირებით და უბანს 3%-ზე ზევით ლიმიტიც არ ჰქონდა. იმ უბნებზე, რომელსაც 3 %-ზე ზევით, [საუბარია ლიმიტზე, რომლის მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 %-ს ]. ჩვენ ეტაპობრივად მოგვეწოდებოდა ინფორმაცია გადასატან ყუთებზე, ეტაპობრივად ხდებოდა საუბნო კომისიის დონეზე კომისის წევრების მიერ მათი გადამოწმება“ , - თქვა მირანდა მესხმა.

სხდომის დასრულების შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საარჩევნო კომისიის დერეფანში რჩებოდნენ ენმ-ის წარმომადგენლები. მობილიზებული იყო დაცვის პოლიციაც. 

სხდომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს ჰკითხა, რატომ გახდა საჭირო საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზება.

„გუშინაც არ მოგვეცით საშუალება წარმოგვედგინა ის დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა უბანზე. მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ გადასატანი ყუთის სიებში არიან შეყვანილი ადამიანები, რომლებსაც სრულად აქვთ უნარი, რომ მივიდნენ და ხმა მისცენ საარჩევნო უბნებთან.

ასევე მინდა ვაცნობო კომისიას, რომ ყველა საარჩევნო უბანი მოვიარეთ და ისინი არ არის დაცული, არ აქვს ინფრასტრუქტურა. სიები სად იყო და სარეგისტრაციო ბეჭდები რომ სახლში გქონდათ, ეს საზოგადოებამ უკვე იცის. არის უბნები, რომლებიც არც კი იკეტება", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომები ხმაურის ფონზე რამდენიმე დღეა ტარდება. ოპოზიცია კომისიას მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობასა და არჩევნების გაყალბების მცდელობებში ადანაშაულებს. 

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ტარდება.

ენმ-ის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსია, ქართული ოცნების კანდიდატი კი - გიორგი შენგელია.

კომენტარები