ავტოსაგზაო შემთხვევა

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარიის შედეგად 8 მოზარდი დაშავდა, სამის მდგომარეობა მძიმეა

ტვ პირველი

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევარდა. დაშავებულია 8 ადამიანი, ყველა მათგანი არასრულწლოვანია.

მოზარდები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. როგორც ტაბულას კლინიკაში უთხრეს, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

"ერთი გოგო გაყვანილია ოპერაციაზე და იმყოფება საოპერაციო ბლოკში; მეორეს აქვს ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული ჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა და დაჟეჟილობა. პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე; მესამეს აქვს ქვედა ყბის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, არის ტრავმული შოკი. მეოთხე პაციენტთან არის საჯდომის ძვლის მოტეხილობა და აქაც გამოხატულია ტრავმული შოკი; მეხუთესთან არის მაჯის ძვლის მოტეხილობა, ეს პაციენტი შედარებით მსუბუქ მდგომარეობაშია; მე-6 პაციენტთან არის სამი ნეკნი მოტეხილი - მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და ქალა ტვინის დახურული ტრავმა; მე-7 და მე-8 პაციენტები მუცლის ღრუს ზედაპირული ტრავმებით არიან, შედარებით მსუბუქი მდგომარეობაა", - ამბობს ტაბულასთან სულხან ორჟონია, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.

მისივე თქმით, მოზარდები რჩებიან კლინიკაში და მათ უგრძელდებათ შესაბამისი მკურნალობა.

კომენტარები