17 მაისი

შსს 17 მაისის მსვლელობებზე: მოვუწოდებთ ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

17 მაისს მმკ-ის მღვდლების და საპატრიარქოს მსვლელობებთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ "ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია".

"სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - აცხადებს შსს.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

ლგბტქი თემი 17 მაისს რაიმე ღონისძიების გამართვას არ გეგმავს, რადგან, როგორც ამბობენ, "ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს". 

თუმცა, მსვლელობას მართავენ სიძულვილის ჯგუფები და მმკ-ის მღვდლები, ასევე, საპატრიარქო.

მმკ-ის ორგანიზებული აქცია რესპუბლიკის მოედანზე 17 მაისს, 10:00-ზე დაიწყება.

"სამღვდელოება, მრევლი, საზოგადოება, აღვასრულებთ სავედრებელ პარაკლისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ და შემდეგ მოეწყობა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

საქართველოს საპატრიარქო კი, 17:00-ზე, "სახალხო მსვლელობას" აწყობს. მსვლელობა სამების ეზოში კონცერტით დასრულდება, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. საპატრიარქო აცხადებს, რომ "ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი".

კომენტარები