არჩევნები 2019

ცესკო ზუგდიდზე: დარღვევა არ ყოფილა, თუმცა, სიებს და ბეჭდებს საოლქო კომისიაში დააბრუნებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ცესკო აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს.

"ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით, ეს პროცესი გადანაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ,"- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცესკო განმარტავს, რომ კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის, მათ შორის, სამაგიდე ვერსიის, გადაცემა უნდა მოხდეს 17 მაისამდე. მათივე განცხადებით, გადაცემული დოკუმენტაცია დალუქულია კანონის შესაბამისად.

"მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს, მათი რაიმე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყველა არჩევნებზე და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა ყველა საარჩევნო ოლქში.

ამის მიუხედავად, რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებისა და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ. ამასთან, დამატებითი ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის.

ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს არჩევნების ადმინისტრირებას მაღალი სანდოობის და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ნებისმიერ დროს მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საარჩევნო სობიექტებს და გარეშე პირებს, პატივისცემით მოეკიდონ არჩევნების პროცესს და ნუ შეეცდებიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ადმინისტრირების პროცესის შესახებ, ცესკო აქტიურად გააგრძელებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში" - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომის გარდა, ასევე ითხოვს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თბილისიდან ახალი ბეჭდები გაგზავნოს.

ზუგდიდში და კიდევ რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

კომენტარები