უაქციზო სიგარეტი

სამეგრელოში 60 960 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

flickr.com

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 3-10 მაისს, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 60,960 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.

2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ფილტრიანი სიგარეტის ადვალური (იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების პროცენტული გადასახადი) კი - 10%-დან 30%-მდე, რამაც სიგარეტის 1 კოლოფზე ფასი, 6 თებერვლის მონაცემებით, 1 ლარით გაზარდა.

სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. 

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. 

2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტზე 13 სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 2018 წელს ეს მონაცემი არ შეცვლილა, ხოლო 2019 წელს კი 39-მდე მოიმატა, რაც 3-ჯერ ზრდას გულისხმობს. 

კომენტარები