აშშ-ჩინეთი

აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ოფიციალური ბეიჯინგი ამბობს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა და საპასუხო ზომებს მიიღებენ.

დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ შესაძლოა 25%-იანი ტარიფი კიდევ 325 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზეც დააწესონ.

მიუხედავად ამისა, სავაჭრო მოლაპარაკებები ჩინეთის ვიცე-პრემიერ ლიუ ჰისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ რობერტ ლაიტჰაიზერს შორის კვლავ გრძელდება.

დონალდ ტრამპმა გუშინ თქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისაგან "მშვენიერი წერილი" მიიღო და სავარაუდოდ, ტელეფონის გაესაუბრება მას.

შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

წლის დასაწყისში აშშ ტარიფების 10-დან 25%-მდე აწევას გეგმავდა, თუმცა მისი აღსრულება შეაჩერეს, რათა შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები გამართულიყო.

კომენტარები