აშშ-ჩინეთი

დონალდ ტრამპი: ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება დაარღვია და ამისათვის საფასურს გადაიხდიან

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკებებისას შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ტარიფების გაზრდით დაიმუქრა.

"მათ შეთანხმება დაარღვიეს. ამის გაკეთება არ შეუძლიათ, ამიტომ, საფასურს გადაიხდიან." უთხრა მან მხარდამჭერებს ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპის კომენტარი ოფიციალური პეკინის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ სათანადო საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუ აშშ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფებს გაზრდის.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები აშშ-ში დღეს უნდა გაგრძელდეს.

მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელმა რობერტ ლაიტჰაიზერმა თქვა, რომ ჩინეთმა მიცემული პირობებიდან უკან დაიხია, თუმცა შეთანხმება კვლავ შესაძლებელია. ოთხშაბათს მან თქვა, რომ კვირის ბოლოდან ჩინურ ელექტრონულ მოწყობილობებზე, მანქანის ნაწილებსა და ავეჯზე ტარიფები 25%-მდე გაიზრდებოდა.

მანამდე დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების გაზრდას აპირებდა. მან ასევე დაწერა, რომ ჩინეთს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების წარმოება "ჯო ბაიდენთან ან რომელიმე სუსტ დემოკრატთან მოუწევს" და "გააგრძელებენ აშშ-სათვის ყოველწლიურად 500 მილიარდი დოლარის წაგლეჯვას."

შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

წლის დასაწყისში აშშ ტარიფების 10-დან 25%-მდე აწევას გეგმავდა, თუმცა მისი აღსრულება შეაჩერეს, რათა შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები გამართულიყო.

კომენტარები