ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ცოლზე გენდერული ნიშნით ძალადობის და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისთვის 39 წლის კაცი დააკავეს

შსს

გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობისთვის სამეგრელოში 39 წლის კაცი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯ.თ. ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც ქალმა, 30 აპრილს, თვითმკვლელობა სცადა. ის ამ დროისთვის სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას.

"პოლიციაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე თქმით, ცოლის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ქმარზე შემაკავებელი ორდერიც გამოიცა, რომლის საფუძველზე ჯ.თ.-ს მასთან მიახლოება აეკრძალა.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

კომენტარები