ვახტანგ გომელაური

გომელაური პანკისზე: ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ გათვლილი ყოფილიყო, რა მოხდებოდა

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეს პარლამენტში მთავარი თემა პანკისის თემა იყო. მისი თქმით, პანკისში განვითარებული მოვლენები ცუდი ფაქტი იყო და ამას ანალიზი სჭირდება. სუს-ის უფროსი აღნიშნავს, რომ ოპერაციაში როგორც შსს, ასევე სუს-იც იყო ჩართული.

"პანკისზე ვისაუბრეთ დღეს ძალიან ბევრი, არა მარტო იმ დღის თემები, სხვა საფრთხეები, რაც იყო მანამდე, იგივე სირიის მიმართულება და ა.შ... ეს არ იყო სპეცოპერაცია დაგეგმილი, რომ ეს გათვლილი ყოფილიყო, ასე მოხდებოდა, ისე მოხდებოდა… მას შემდეგ, რაც მოხდა დაძაბვა, მას შემდეგ მოხდა უკვე შეყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის. ეს იყო სულ, იქ მერე როგორ განვითარდა თემა, ამას ანალიზი უნდა გაუკეთდეს. ან უფრო მეტი უნდა შეეყვანათ, ვთქვათ, პირობითად, შეგვეყვანა ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სადაც უნდა გამოსულიყვნენ, შესულიყვნენ, ეს სხვა თემაა, ანალიზია გასაკეთებელი” - ამბობს გომელაური და აღნიშნავს - “რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა".

სუს-ის უფროსის თქმით, პანკისის სპეცოპერაციაში მისი უწყებაც ჩართული იყო.

"რა თქმა უნდა, ჩვენც ჩართულები ვიყავით, იმიტომ, რომ ის მიმართულებაა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩვენც ვზრუნავთ და ასევე, ჩვენ შსს-ს გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ასევე ერთი ორგანიზმია, ხაზს მე სულ ვუსვამ ამ მიმართულებას, შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურს, ის, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართულები ან ისინი არ იყვნენ თემაში, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიყავით," - აღნიშნა გომელაურმა.

გომელაური იზიარებს გახარიას შეფასებას, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები გარკვეულწილად შეცდომა იყო - "მოდი, ასე შევხედოთ, რა თქმა უნდა, ვიზიარებ, იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა - რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ჩვენი მოქალაქე დაშავდა, რა თქმა უნდა, უკვე შეცდომისკენ მივდივართ რაღაც, სად რა გაიპარა ამას ანალიზს გავაკეთებთ და ამის შემდეგ ვიტყვით, ვთქვათ, ეს იყო შეცდომა ან არ იყო შეცდომა".

თემირლან მაჩალიკაშვილის თემასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ამაზე პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი - "გამოძიება მიმდინარეობს, მე ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება".

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა.

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

მინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ ის ხეობის უხუცეს წევრებთან იმაზეც შეთანხმდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, შესაბამისად იქნებოდა დასჯილი.

 

კომენტარები