ვახტანგ გომელაური

გომელაური: რუსეთიდან შემოდის, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს ან აქ მეუღლე და შვილები ჰყავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ვახტან გომელაურის თქმით, საქართველოში რუსეთიდან ის ადამიანები შემოდიან, რომლებსაც ე. წ. ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და არიან როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები, ასევე, არიან საქართველოს მოქალაქეების ცოლები/ქმრები ან შვილები.

შს მინისტრმა, კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მანქანებით შემოდიან.

"საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. გახსნილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენი მოქალაქე შემოდის. ყველა მათგანი ორკვირიან კარანტინში მიდის. ასევე, ესენი უმეტესად არიან ორმაგი მოქალაქეები ანუ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე საქართველოს მოქალაქეების შვილები ან მეუღლეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი უკან გავაბრუნოთ. თუ მშობელი ორმაგი მოქალაქეა, შვილს სხვა ქვეყანაში ვერ დავტოვებთ. ამიტომ ხდება ეს, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რომ რუსული ნომრებით დადიან მანქანები და რუსეთის მოქალაქეები. ასევე, რუსეთის ბევრი მოქალაქეა საქართველოში ისეთი, ვინც კორონავირუსის დროს არ წავიდა და საქართველოში დარჩა. ისინი ლეგალურად არიან და მათ ქვეყნიდან იძულებით ვერ გავუშვებთ". – თქვა გომელაურმა.

რუსეთში ახალი კორონავირუსი 647 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 6600-ზე მეტი. საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ნაწილის წყარო რუსეთიდან შემოსული სატვირთო მანქანების მძღოლები არიან.

კომენტარები