ბორის ჯონსონი

ლონდონის ყოფილმა მერმა თქვა რომ ხმა მისცა, თუმცა მის ოლქში არჩევნები არ ტარდებოდა

BBC

ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ლონდონის ყოფილმა მერმა და ყოფილმა საგარეო მდივანმა ბორის ჯონსონმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ პარტიას ხმა მისცა და ამომრჩევლებს მოუწოდა, მათაც მიეცათ ხმა კონსერვატორებისთვის.

საქმე იმაშია, რომ აქსბრიჯის და სამხრეთ რაისლიპის ოლქში, სადაც ჯონსონი ცხოვრობს, არჩევნები არ ტარდებოდა. ჯონსონმა ტვიტერის ანგარიშიდან პოსტი მალევე აიღო.

ბორის ჯონსონი მმართველი კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. 2016 წლის რეფერენდუმისას ის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერი კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. რეფერენდუმის შემდეგ, ახლად გაპრემიერებულმა ტერეზა მეიმ ის საგარეო მდივნად დანიშნა. ეს თანამდებობა ჯონსონმა 2019 წლის ზაფხულში დატოვა ტერეზა მეისთან ბრექსიტის შესახებ უთანხმოების გამო.

მას შემდეგ, რაც ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ვადაზე ადრე გადადგება, ბორის ჯონსონი პრემიერობის მთავარ ფავორიტად მოიაზრება.

2 მაისს ინგლისის ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მძიმე დანაკარგები განიცადა მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ. საკრებულოებში წარმომადგენლები მოაკლდათ ლეიბორისტებსაც, მთავარ ოპოზიციურ პარტიას.

კომენტარები