ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერები აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ

ევროპული საქართველოს ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა თქვეს, შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, ქვეყნის შიდა დემოკრატიის საკითხებზე ისაუბრეს.  

"ჯორჯ კენტი არის ძალიან ღრმად ჩახედული საქართველოს მიმდინარე პრობლემების საკითხში. როგორც უსაფრთხოების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით და ბუნებრივია, ჩვენ, როგორც პარტნიორი პარტია ჩვენი დიდი სტრატეგიული მოკავშირის შეერთებული შტატების, გულწრფელად ვსაუბრობთ ყველა პრობლემაზე. დაწყებული საგარეო გამოწვევებით და ასევე, როგორ მოქმედებენ ისინი ქვეყნის შიგნით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დემოკრატიაზე, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენი პოზიცია საზოგადოებამ კარგად იცის, ჩვენ ვთვლით, ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო გზაზე დგას. დემოკრატიის ეროზიის, უსაფრთხოების რისკების ზრდის და საზოგადოების ნდობის ვარდნის თვალსაზრისით, სახელწიფო ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სახიფათო გზა არის და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს იციან და უნდა იცოდნენ დეტალებში," - თქვა გიგა ბოკერიამ. 

"რა თქმა უნდა ამერიკელ პარტნიორებთან საუბრისას, ყოველთვის დგას ისეთი საკითხები როგორიც არის უსაფრთხოება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში და კონკრეტულად ამ შეხვედრაზეც, განსაკუთრებული ინტერესი, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იყო შიდა დემოკრატიის საკითხების მიმართ. ძალიან ბევრი კითხვა იყო მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო რეფორმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და როგორ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის ისე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სტაბილურობაც, დემოკრატიაც და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა. ამიტომ, შიდა დემოკრატიის თემები არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად აღელვებთ ჩვენს პარტნიორებს აშშ-შიც და ვეროპაშიც. შიდა დემოკრატიის თემები არის ის, სადაც საქართველო, ბოლო პერიოდში, განიცდის ძალიან სერიოზულ ეროზიას და უკუსვლას, და ამიტომ, ჩვენი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის ის, რომ გავაგებინოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გაგრძელდეს საქართველოს განვითარება, მათ შორის თავისუფალი არჩევნების და თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის თვალსაზრისით," - თქვა დავით ბაქრაძემ. 

კომენტარები