დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფი

"დამოუკიდებელი იურისტები" პრეზიდენტს მოუწოდებენ, სასამართლოების შესახებ კანონს ვეტო დაადოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს. 

ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, უჩა ნანუაშვილი, დავით ჯანდიერი, კახა წიქარიშვილი და სხვები პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ მოაწეროს ხელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. 

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტმა პარლამენტს უკან უნდა დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული სასამართლოში არსებული კრიზისი, მისი რეალური მიზეზები და შესაბამისად - აისახება საერთაშორისო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები,"- წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფის განცხადებით, შეზღუდული უფლებამოსილებების მიუხედავად, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური უმნიშვნელოვანესი პროცესებიდან სრულად დისტანცირებული ვერ იქნება. 

"გამოვთქვავთ სრულ მზადყოფნას ჩავერთოთ კონსულტაციებში, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან სასამართლო სისტემის არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოსაყვანად და დამოუკიდებლობის რეალური გარანტიების შესაქმნელად,"- წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, დავით ჯანდიერი, თამარ ლალიაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ზაზა ხატიაშვილი, მამუკა ნოზაძე, დიმიტრი ხაჩიძე, ირაკლი გაბრიჩიძე, თამარ გეგელია და ბესიკ ლოლაძე. 

1 მაისს პარლამენტმა ე.წ კობახიძის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 - წინააღმდეგ წავიდა. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა, ვენეციის კომისიამ დასკვნა მოამზადა და მისი ბევრი ასპექტი მწვავედ გააკრიტიკა. ამის შემდეგ მმართველმა გუნდმა კანონპროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, იურისტების თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მცირე ნაწილის გათვალისწინება არ ცვლის ზოგად, არასახარბიელო სურათს. 

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები