17 მაისი

რ2: ჭოხონელიძე 17 მაისს საპატრიარქოს კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე 17 მაისს საპატრიარქოსთან დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. 

ტელეკომპანიასთან სატელეფონო საუბარში მომღერალი ამბობს, რომ ის საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას კატეგორიულად ემიჯნება.

"ბოლო პერიოდში ატეხილმა ძალიან დიდმა ალიაქოთმა და სიგნალებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დაპირისპირებას უკავშირდება – მე ამან ძალიან გამაღიზიანა, მინდა გითხრათ და ჩემთვის ყველა დღე ოჯახის სიწმინდის დღეა და თუ 17 რიცხვი იქნება დაპირისპირებისთვის დაგეგმილი ერთ ან თუნდაც მეორე მხარესაც, მე ამას გავაპროტესტებ"- ამბობს ჭოხონელიძე. 

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ორგანიზაცია დავითიანნის მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ სუხიშვილები, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები. 

ქათამაძემ კონცერტში მონაწილეობა იმავე დღეს უარყო, ასევე, სუხიშვილებმა თქვეს, რომ ანსამბლი საზღვარგარეთაა, ამ ღონისძიებაში კი მათი სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ. 

ნატო მეტონიძემ პირველ არხს უთხრა, რომ კონცერტში მონაწილეობის შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს, ხოლო როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორ მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს და უთხრეს, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა. 

აჩიკო ნიჟარაძემ ტაბულას უთხრა, რომ კონცერტში არც ის მონაწილეობს, ვინაიდან 17 მაისს მას ნათია პერანიძესთან ერთად გორში ქართული სიმღერის საღამო აქვს დაგეგმილი. 

ორგანიზაცია დავითიანმა, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადა.

კომენტარები