ჯულიან ასანჟი

ჯულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევისათვის 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჯულიან ასანჟი
AFP

Wikileaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევისათვის 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჯულიან ასანჟმა შვედეთში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად ლონდონში ეკვადორის საელჩოს 2012 წელს შეაფარა თავი.

"მე გავაკეთე ის, რაც იმ დრომ საუკეთესოდ ან ერთადერთ გზად მიმაჩნდა." თქვა მან სასამართლოზე.

შეგახსენებთ, რომ ასანჟი ბრიტანეთის პოლიციამ 11 აპრილს დააკავა. მას სექსუალური ძალადობისათვის გასამართლება ემუქრება. მისი დაკავების ორდერი შვედეთს ჰქონდა გაცემული გაუპატიურების ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებას უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა ორდერი გააუქმა დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული დაკავების ორდერი კვლავ ძალაშია.

აშშ ასანჟს ყოფილ ამერიკელ სამხედროსთან, ჩელსი მენინგთან ერთად ჰაკერულ შეთქმულებაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საბრალდებო ოქმის მიხედვით ასანჟი მენინგს 2010 წლის მარტში სამთავრობო კომპიუტერებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში დაეხმარა. ოქმი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა გასული წლის 8 მარტსაა ხელმოწერილი.

ბრიტანეთის სასამართლო ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-იში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით ბრიტანეთმა მას გარანტია მისცა, რომ ასანჟის ექსტრადიცია არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება.

კომენტარები